საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დაარსებიდან 24 წელი შესრულდა. სანაპირო დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფოთში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან, I რანგის კაპიტან რამაზ პაპიძესთან ერთად გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს სანაპირო დაცვის დღე მიულოცა.
„ვულოცავ მთელ პირად შემადგენლობას ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა დიდ როლს ასრულებს როგორც ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით, ასევე საერთაშორისო საზღვაო ღონისძიებებში. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სანაპირო დაცვამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფებმა წარმატებით გაიარეს ნატოს შეფასების ოთხწლიანი პროგრამა, რის შედეგადაც ალიანსმა საქართველოს ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციის – „ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა“, – განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ.
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 16 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვა.
ამასთან, ნიკოლოზ შარაძემ, სტუმრებთან ერთად, გვირგვინით შეამკო 2008 წლის აგვისტოს ომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების მემორიალი.