შსს-ს სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი მეორე ახალი, ევროპული ტიპის ვერტმფრენი „H 145“ გადმოეცა [ვიდეო]
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას რიგით მეორე „H 145“ ვერტმფრენი შეემატა. მისი ოფიციალური გადმოცემა გერმანიაში, Airbus Helicopters-ის საწარმოში მოხდა.
შსს-ს ცნობით, ვერტმფრენი აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და ასევე, გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით. ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.
„აღსანიშნავია, რომ ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენის საქართველოში ტრანსპორტირება ქართული ეკიპაჟის მიერ განხორციელდა, რომელთაც სრული გადამზადება გერმანიაში, Airbus Helicopters-ის სასწავლო აკადემიაში გაიარეს“, – აცხადებენ შსს-ში.
2022 წლის 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება გაფორმდა ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან სამი „H145“ ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით. მესამე ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება.