შსს-ს საფრანგეთის პოლიციის დელეგაცია ეწვია
შსს-ს საფრანგეთის პოლიციის დელეგაცია ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია.

ფრანგულ მხარეს წარმოადგენდნენ საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საერთაშორისო საგამოძიებო დანაყოფის უფროსი სტეფან დეპონი და კრიმინალური პოლიციის მთავარი დეპარტამენტის ფინანსური და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს რუსულენოვანი დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსი ნიკოლას გონგორა.

ვიზიტის ფარგლებში, ფრანგი კოლეგები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვლადიმერ ბორცვაძეს შეხვდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო ტაქტიკა, რისკები და ანალიტიკური შესაძლებლობები განიხილეს.

ვლადიმერ ბორცვაძე სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

დელეგაციის წევრებმა ასევე შეხვედრა გამართეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან. ფრანგი სამართალდამცველები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურას გაეცნენ და ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, საფრანგეთის ეროვნულ ჟანდარმერიასა და კრიმინალურ პოლიციას შორის სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება დაგეგმეს.