შსს-ს მონაცემებით, ოჯახური ძალადობის რეგისტრირებული ფაქტებისა და შემაკავებელი ორდერების რაოდენობა გაზრდილია
შსს-ს მონაცემებით, ოჯახური ძალადობის რეგისტრირებული ფაქტებისა და შემაკავებელი ორდერების რაოდენობა გაზრდილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე გაზრდილია უწყებისადმი მიმართვიანობა და შსს-ს მიერ გამოწერილი შემაკავებელი ორდერების რაოდენობაც.

ოჯახური დანაშაულის რეგისტირებული შემთხვევების სტატისტიკა ასეთია: 2014 წელს – 591; 2015-901; 2016 – 1416; 2017-2192; 2018 წლის სამი თვის მონაცემებით, იანვრიდან მარტის ჩათვლით – 1000-ზე მეტი შემთხვევა.

შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი მიმართვიანობა ბოლო ოთხ წელში თითქმის ოთხჯერ არის გაზრდილი, ისევე როგორც უწყების მიერ გამოწერილი შემაკავებელი ორდერების რაოდენობა.

შსს-ს მიერ გამოწერილი შემაკავებელი ორდერების სტატისტიკა ასეთია: 2014 წელს – 817; 2015- 2598; 2016- 2877; 2017 4370; 2018- სამი თვის მონაცემებით, 1402.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის თქმით, გაზრდილი მიმართვიანობის მიუხედავად, მაინც რჩება გამოწვევები.

“გამოწვევად რჩება მომართვიანობის მაჩვენებელი, ვინაიდან მოძალადე არის ოჯახის წევრი, რა თქმა უნდა, თავს იკავებენ ოჯახის წევრის მიმართ საჩივრის შემოტანისაგან. რიგ შემთხვევებში პირვანდელი ჩვენების გადათქმა ხდება, როდესაც ეს ემოციები ჩაცხრება. შემაკავებელი ორდერი არის იმწუთიერი ღონისძიება, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ ამაზე შემდგომ გამოძიება დაიწყოს, შემდეგ ამ პირის დაკავება მოხდეს მისი დაპატიმრება, გასამართლება და ასე შემდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს ასევე შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის სისტემის დახვეწაზე, როგორ შეიძლება ეს პროცესი გახდეს კიდევ უფრო დახვეწილი, ეფექტიანი, რათა ასეთი რისკები და შედეგები იქნეს თავიდან აცილებული”- აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.

შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა დღეს პარლამენტის გენდერულ საბჭოს ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით უწყებაში არსებული ინფორმაცია მიაწოდა.

შსს ოჯახური დანაშაულის რისკების შეფასების ინსტრუმენტის დანერგვას, გამომძიებელთა სპეციალიზაციასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მუშაობას გეგმავს.