მართვის მოწმობების შეცვლის გამო, მომსახურების სააგენტო განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მომსახურების სააგენტო დეკემბრის ბოლომდე მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებთან მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო მიიღეს.
„მომსახურების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სამუშაო დღეებისა და საათების რაოდენობა იზრდება. 9 დეკემბრიდან მომსახურების სააგენტოს რუსთავისა და თბილისის ფილიალები იმუშავებენ ყოველდღე 09:30 საათიდან 22:00 საათამდე, ხოლო 11 დეკემბრიდან რეგიონების ფილიალები, ასევე, გადავლენ საგანგებო რეჟიმზე და მოქალაქეებს მოემსახურებიან შაბათს 09:30 საათიდან 22:00 საათამდე, ხოლო კვირას – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში
2018 წლის 1 იანვრიდან იურიდიული ძალა ეკარგება 2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს. აღნიშნული ცვლილება არ ეხება მართვის მოწმობის თანამედროვე სტანდარტების პლასტიკურ ბარათებს.