შსს-ს მეხანძრე-მაშველებმა 100-ზე მეტი მოსწავლის მონაწილეობით სკოლაში სიმულაციური სწავლება ჩაატარეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის N103 საჯარო სკოლაში სიმულაციური სწავლება გაიმართა.
შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებაში 100-ზე მეტი მოსწავლე და მასწავლებელი მონაწილეობდა. მეხანძრე-მაშველებმა, წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, სკოლის შენობაში სიმულაციური საგანგებო სიტუაცია შექმნეს და დააკვირდნენ, როგორ გამოიყენეს მოსწავლეებმა საგანგებო სიტუაციის დროს ორგანიზებული ქცევის შესახებ სკოლაში შეძენილი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში.
გარდა ამისა, მეხანძრე-მაშველებმა მოსწავლეებს გააცნეს საგანგებო სიტუაციის დროს საკუთარი მოვალეობები – მოეწყო მაღალი სართულებიდან დაშვება, განხორციელდა შენობის ევაკუაცია, ჩაკეტილი სივრციდან მოქალაქის გამოყვანა და სხვა.
სიმულაციური სწავლების მიზანი იყო მოსწავლეებისა და მასწავლებლების მზადყოფნა საგანგებო სიტუაციების დროს, ასევე, ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირებისთვის საჭირო თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.