შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე 70-მდე მოქალაქეა გამოყვანილი
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონიდან უკვე 70-მდე მოქალაქეა გამოყვანილი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი“, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მიერ უკვე განხორციელდა სამი ფრენა და ადგილზე სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება.
„სტიქიის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები – იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თეიმურაზ მღებრიშვილი იმყოფებიან და სამაშველო ღონისძიებას ხელმძღვანელობენ.
ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები“, – აღნიშნავენ შსს-ს პრესსამსახურში.
მეწყერი შოვში დღეს ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, უშუალოდ სტიქიის ზონაში მყოფ მოქალაქეებს შორის დაშავებულები არ არიან.