სამი თვის მონაცემებით, საქართველოს გზებზე ავარიით 116 ადამიანი დაიღუპა, 1779 კი დაშავდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს გზებზე, სამ თვეში ავარიით 116 ადამიანი დაიღუპა, 1779 კი დაშავდა. ამის შესახებ შსს-ს 2019 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკურ მონაცემებშია ნათქვამი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევებს შეეხება.
შსს-ს ინფორმაციის თანახმად დაღუპულებს შორის ერთი შვიდ წლამდე ასაკის ბავშია, დაშავებული კი შემთხვევების შედეგად სულ 26 შვიდ წლამდე ასაკის ბავშვია.
ავტოსაგზაო შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა 642 შემთხვევა, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა და 806 დაშავდა თბილისში ფიქსირდება. ავტოსაგზაო შემთხვევების ოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმია, სადაც 143 ინციდენტი დაფიქსირდა. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 30 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 200 დაშავდა.
ასევე დიდია ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებელი აჭარაში, სადაც 126 ავტოსაგზაო შემთხვევას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 161 დაშავდა.
იანვრიდან მარტამე ქვეით მოსიარულსთან შეჯახების 352 ფაქტი დაფიქსირდა, რომელთა შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა ხოლო 405 დაშავდა. დაღუპულთაგან ყველაზე მეტი ადამიანი, მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების ავარიის შედეგად გარდაიცვალა.
სამინისტროს მონაცემების მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების ყველაზე დიდი წილი, მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევაზე მოდის.
მიმდინარე წლის იანვრიდან, მარტის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით სულ 9 671 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 1302-ზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.