შსს-ს ინფორმაციით, საარჩევნო უბნებთან მომხდარ ორ ინციდენტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 მაისის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე პოლიციის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიება დაიწყო ორ სისხლის სამართლის საქმეზე:
1. სადახლოს 31-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ, ტ.ა.-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით;
2. ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნის მიმდებარედ პრეს მედია „სისროპის“ მოხალისე ოპერატორ გ.რ.-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ამასთან, შსს-ს ცნობით, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა (173-ე მუხლი) და წვრილმანი ხულიგნობისთვის (166-ე მუხლი) ადმინისტრაციული წესით იქნა დაკავებული სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი და წარმომადგენელი ხუთი პირი, რომელთაგან ამ ეტაპზე ყველა თავისუფალია.
„მათ შორის ადმინისტრაციული წესით (166-ე და 173-ე მუხლებით) განხორციელდა საინფორმაციო სააგენტო პრესა.ჯი-სა და I-TV-ის დირექტორის გიორგი კაპანაძის დაკავება. ეს უკანასკნელი პოლიციის წინააღმდეგობისა და მოწოდებების მიუხედავად, ცდილობდა პოლიციის სამსახურებრივ ავტომანქანებსა და საბარგულში განთავსებული სპეციალური საშუალებების შემოწმებას ავტომანქანის კარისა და საბარგულის გახსნის გზით“, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, გარდა ზემოაღნიშნულისა, 10-მდე ინციდენტის შესწავლის შედეგად არ გამოიკვეთა სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოთხი ფაქტის შესწავლა.
„პოლიცია საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე განაგრძობს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას“, – აცხადებენ შსს-ში.