შსს-ს ინფორმაციით, პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 13 პირია დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 13 პირია დაკავებული.
უწყება მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს.
„უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში მესამე მოსმენით განხილვის გაპროტესტების მიზნით, აქციის მონაწილეებმა მიმდინარე წლის 14 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყეს შეკრება საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე. აქციის პარალელურად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ადგილზე და იცავდნენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას. იმისთვის, რომ დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების საპარლამენტო ორგანოში უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, გაეთავისუფლებინა პარლამენტის შესასვლელები. პარალელურად, აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირსა და ბ. ჭიჭინაძის ქუჩაზე ჰქონდათ შესაძლებლობა, მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი.
პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა დაიწყეს რუსთაველის გამზირზე მდებარე საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება და შედეგად მოახერხეს პარლამენტის ტერიტორიაზე შეღწევა. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაზე, საღებავებით გააკეთეს სხვადასხვა სახის წარწერები. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების პროტესტი სრულად გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.
მიუხედავად პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული არაერთი გამაფრთხილებელი განცხადებისა, რომ აქცია ჩაეტარებინათ მშვიდ ვითარებაში, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ კანონიერ მოწოდებებს, სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ სამართალდამცველებს, პოლიციის მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა ბლაგვ საგანასა და საღებავებს. ასევე, რკინის სხვადასხვა კონსტრუქცია განათავსეს საავტომობილო გზაზე. პარლამენტის შენობაში უნებართვო შეჭრის აღკვეთის და საზოგადოებრივი მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცველებმა გამოიყენეს კანონით დადგენილი პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 13 პირი დააკავა. ამ დროისთვის აქციის მონაწილეების მიერ დაზიანებული დამცავი რკინის ღობე აღდგენილია და აქციის მონაწილეებს აქვთ საშუალება, პროტესტი გამოხატონ პარლამენტის მიმდებარე ტეროტორიაზე კანონით დადგენილი წესით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს. სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – ნათქვამია განცხადებაში.