შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირების დროს ათი პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს
შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირების დროს ათი პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს

საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება იყო.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის მხარდამჭერები, რომლებიც რამდენიმე თვეა, საკანონმდებლო ორგანოს შენობის უკანა შესასვლელთან, კარვებში იმყოფებოდნენ, კარვის გადმოტანას პარლამენტის წინ ცდილობდნენ.

ამის უფლება მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პარლამენტთან დაპირისპირების დროს დაკავებულია ათი პირი, ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო ნატო-ში“ წევრმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, დაკავებულები არიან აქტივისტები, რომლებიც ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

„გვინდოდა, ჩვენი პოზიცია პარლამენტის წინ დაგვეფიქსირებინა და ამის საშუალება არ მოგვეცა. პოლიციის ქმედებები არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება და დღეს თუ ხვალ, ეს ადამიანები პასუხს აგებენ. დაახლოებით 10-მდე ადამიანია დაკავებული. სად არიან გადაყვანილები, კაცმა არ იცის და ჩვენ ამის ძიებაში ვართ. დაკავებულები ჩვენი აქტივისტები არიან, რომელთაც უნდათ, რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. უნდათ, რომ ცლილებები იყოს და სისხლიანი რეჟიმი დასრულდეს“, – განაცხადა კობაიძემ.

ადგილზე ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი მივიდა. დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.