შსს-ს ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციასთან კონტრაქციის ოთხი მონაწილე დააკავეს
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე ოთხი პირი დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე კონტრაქციის ოთხი მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავეს. აღნიშნული პირები შეეცადნენ, გაერღვიათ სამართალდამცველთა კორდონი, რომელიც შეკრებილების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიმდინარე ორ აქციას შორის იყო მოწყობილი. სამართალდამცველებმა მათ საპირისპირო აზრის მქონე ჯგუფთან მიახლოების, ასევე სიტუაციის ესკალაციის უფლება არ მისცეს და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ადგილზე დააკავეს. დაკავებულები გადაყვანილი არიან პოლიციის განყოფილებაში“, – აცხადებენ შსს-ში.
ამასთან, ერთ-ერთი დაკავებულია გურამ ფალავანდიშვილის შვილი.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც პარალელურად ორი აქცია იმართება, რამდენიმე ადამიანი რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. დღეს საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების აქციაზე მისვლამდე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებისთვის ხელის შეშლა იყო.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველები, რომლებიც ორი აქციის მონაწილეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. აქციებზე პერიოდულად ვითარება იძაბება.