მინდია გოგოჭური გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
შსს თვითმხილველებსა და ინფორმაციის მქონე პირებს მოუწოდებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და ითანამშრომლონ გამოძიებასთან.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობისთვის სასჯელი გაამკაცრა, რომლის მიხედვითაც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური გვიან ღამით დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, გოგოჭურს სამი ტყვია ფეხში აქვს მოხვედრილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.