შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში ღამით საპროტესტო მსვლელობის 11 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, გვიან ღამით ბათუმში საპროტესტო მსვლელობაზე 11 პირი დააკავეს. დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით განხორციელდა, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, 11-დან ორი პირი, მათ შორის ორგანიზაცია „ალტერნატივის“ ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე, ხელწერილით სამართალდამცველებმა მალევე გაათავისუფლეს. ყველა დაკავებული გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის გამო დააჯარიმეს.
გვიან ღამით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა დაწესებული შეზღუდვები, თბილისის პარალელურად, ბათუმშიც მსვლელობით გააპროტესტეს. მსვლელობა პოლიციასთან სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც დაკავებებით დასრულდა.