შსს-ს ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის მიუხედავად, ავარიებში 69 ადამიანი დაიღუპა
შსს-ს ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის მიუხედავად, ავარიებში 69 ადამიანი დაიღუპა

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს გზებზე 1034 სატრანსპორტო-საგზაო შემთხვევა მოხდა. საუბარია შემთხვევებზე, რომლებზეც სისხლის სამართლის კოდექსი ვრცელდება. შედეგად, იგივე პერიოდში 69 ადამიანი დაიღუპა, 1372 კი დაშავდა.

მონაცემები დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი ანალოგიური შემთხვევების რაოდენობა 1236 იყო, დაღუპულთა მაჩვენებელი 134, დაშავებულთა სტატისტიკა კი 1610-ს შეადგენდა.

თუმცა, მეორე კვარტალს ემთხვევა თითქმის ორთვიანი პერიოდი (31 მარტი-23 მაისი), როდესაც კომენდანტის საათი მოქმედებდა და მოქალაქეებს საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე გარეთ გასვლა ეკრძალებოდათ (გარდა სპეციალური საშვების მქონე პირებისა). ამასთან, აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 17 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით აკრძალული იყო ავტომობილით გადაადგილებაც.

რაც შეეხება ავარიების მიზეზებს, სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე ხშირ შემთხვევაში ესაა შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, ასევე სიჩქარის გადაჭარბება.