შსს-ს გენინსპექცია - სამართალდამცველების შესაძლო დარღვევებზე მაღალი სტატისტიკა არამიზნობრივი შეტყობინებების შედეგია
სამართალდამცველების დისციპლინურ გადაცდომებზე გენინსპექციაში შესული განცხადებების მაღალი სტატისტიკური მაჩვენებელი ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივი შეტყობინებების შედეგია, – ეს განმარტება პირველ არხთან საუბრისას შსს-ს გენინსპექციის სამმართველოს უფროსმა შოთა ხურციძემ გააკეთა.
მისი თქმით, გენინსპექციაში მიმართვიანობის მაღალი მაჩვენებელი მოქალაქეების ჩართულობასა და ნდობაზეც მიუთითებს.
„ჩვენ არც ერთ შეტყობინებას არ ვტოვებთ რეაგირების გარეშე და ვმოქმედებთ სამართლიანობის პრინციპით, რაზეც მეტყველებს ციფრები. 2018 წელს სამსახურებრივი შემოწმების 70%-ს წარმოადგენდა მოქალაქეთა მომართვა, ხოლო 30% -ს სამინისტროს დანაყოფებიდან მიღებული ცნობები. ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების 34%-ის საფუძველზე სამართალდამცველებს დაეკისრათ დისციპლინური სახდელი, 13% არ დადასტურდა, 27% გადაიგზავნა ქვემდებარეობით, პროკურატურისა და შსს-ს შესაბამის დანაყოფებში. 26%-ზე ამჟამადაც მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება. არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები არამიზნობრივად რეკავენ გენინსპექციაში და კონსულტაციებს ითხოვენ, რაც ზრდის მიმართვიანობის მაჩვენებელს“, – განაცხადა შოთა ხურციძემ.
შსს-ს განმარტებით, დაინერგა მოქალაქეებთან მუდმივი კომუნიკაციის ფორმა და შეტყობინებების მიღებისთანავე მათ უკავშირდებიან გენინსპექციიდან, რათა შემდგომი სამსახურებრივი შემოწმების მიმდინარეობის თაობაზე სისტემატურად მიაწოდონ ინფორმაცია.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, შსს-ს გენინსპექციაში, პოლიციელის მხრიდან შესაძლო დისციპლინური გადაცდომის შესახებ, 11740 განცხადება დაფიქსირდა.
პირველმა არხმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან რამდენიმე წლის სტატისტიკური მონაცემები გამოითხოვა. ტენდენცია იდენტურია – პოლიციელის დარღვევაზე მოქალაქეებისგან და სტრუქტურებისგან დაფიქსირებული შესაძლო გადაცდომის ფაქტების უდიდესი ნაწილი უწყების გენინსპექციისგან დაუდასტურებელი რჩება.
2017 წლის განმავლობაში შესული ინფორმაციებიდან გენინსპექციამ დარღვევა მხოლოდ 1994 შემთხვევაში დაადასტურა.
11740 ცნობიდან, გენინსპექციამ არ დაადასტურა, ან შესაბამის სტრუქტურაში გადააგზავნა დისციპლინური გადაცდომის შესახებ, 10 ათასამდე ინფორმაცია. დანარჩენი 1994 მდე ფაქტიდან: სამსახურიდან დაითხოვეს 175 სამართალდამცველი, თანამდებობიდან ჩამოაშორეს 7, თანამდებობიდან გადააყენეს 6, ჩამოაქვეითეს 5, სასტიკი საყვედური ეთქვა 363 სამართალდამცველს, საყვედური, ან შენიშვნა გამოეცხადა 822 მათგანს, ხოლო შედარებით მსუბუქი სანქცია დაწესდა 616 შემთხვევაში.