შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ 20 ივნისის აქციისას ცალკეულ სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტების შესწავლა დაიწყო
20 ივნისის აქციისას ცალკეულ სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების (მათ შორის ჟურნალისტების მიმართ) ფაქტების შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უკვე დაიწყო, – ამის შესახებ აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, აღნიშნული სამართალდამცველები აქციების დროს მართლწესრიგის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში აღარ მონაწილეობენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, პოლიტიკურ პარტიებს და მათ მხარდამჭერებს არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით განსაზღვრულ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და აზრი გამოხატონ კანონით დაშვებული მშვიდობიანი ფორმით.
აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ 20 ივნისის აქციის მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო დანარჩენი გათავისუფლდა – შეეფარდა ადმინისტრაციული ჯარიმა ან სიტყვიერი შენიშვნა. ზოგიერთი ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მიმართ საქმის განხილვა გადაიდო.
ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 20 ივნისის აქციისას ცალკეულ სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების (მათ შორის ჟურნალისტების მიმართ) ფაქტების შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უკვე დაიწყო. აღნიშნული სამართალდამცავები აქციების დროს მართლწესრიგის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში აღარ მონაწილეობენ”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.