შსს-ს ცნობით, „ტაბულას“ პიკაპი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი
„ტაბულას“ პიკაპი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.
არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი პატრული დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, პიკაპის მძღოლი დაკითხვაზე არის გადაყვანილი. მომხდარ ფაქტს შს სამინისტრო სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ვერ პოულობდნენ პიკაპის ტიპის ავტომობილს, რომელზეც ხმის გამაძლიერებელი და სატელევიზიო ტექნიკა იყო განთავსებული. ავტომობილი ტელეკომპანია „ტაბულას“ ეკუთვნის. „ტაბულას“ ხელმძღვანელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ავტომობილი გაუჩინარდა და მძღოლთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.