შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მიმდინარე კვირაში წარადგენენ
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მიმდინარე კვირაში წარადგენენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მიმდინარე კვირაში წარადგენენ – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა პირველი არხის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„კონსულტაციები მიმდინარეობს და გადაწყვეტილება მალე გვექნება მიღებული. სრულიად ახალი დეპარტამენტია შექმნილი, კონკურსია გამოცხადებული, განაცხადების მიღების პირველი ეტაპი დასრულებულია და მეორე ეტაპზე გადავდივართ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს განახორციელებს. მიმდინარეობს კონკურსი დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.