შსს რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციაზე დაიცავს იქ შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოებას და მართლწესრიგს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„რუსთაველის გამზირზე მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მოახდენენ პატრულირებას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია და დაცული იყოს როგორც აქციის მონაწილეების, ისე რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოება“, – აცხადებენ შსს-ში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.
„აქციის მიმდინარეობისას სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.