შსს - პოლიცია მარნეულსა და ბოლნისში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და საგანგებო რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს
პოლიცია მარნეულსა და ბოლნისში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და საგანგებო რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს მარნეულსა და ბოლნისში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ.
საკარანტინო პირობები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვას ითვალისწინებს. ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ“, – აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.