შსს - პარლამენტის წინ დაკავებული ექვსი მოქალაქიდან ერთი ძებნილი და ერთი პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ექვსი მოქალაქიდან ერთი ძებნილი და ერთიც პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია, – აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქურდობისთვის ძებნილი, 1994 წელს დაბადებული ი.ა. და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1994 წელს დაბადებული გ.ა. პოლიციამ პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარავში, აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკების დროს დააკავა.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 11 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს ექვსი პირი: 1987 წელს დაბადებული მ.ა., 1980 წელს დაბადებული ნ.კ., 1994 წელს დაბადებული გ.ა., 1994 წელს დაბადებული ი.ა., 1981 წელს დაბადებული მ. ლ. და 2001 წელს დაბადებული გ.ტ.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებული ი.ა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ მიმდინარე წლის 5 ივნისიდან ქურდობისთვის იძებნებოდა, გ.ა. კი, 2016 წელს ქურდობის ბრალდებით არის ნასამართლევი და ამაჟამად, პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
ინციდენტი რუსთაველის გამზირზე განთავსებულ კარავში რამდენიმე საათის წინ
მოხდა.