შსს - ოზურგეთის მერობის კანდიდატის შტაბის წევრის დაკარგვის ან გაუჩინარების შესახებ ოჯახის წევრებს განცხადებით არ მოუმართავთ
გიორგი როყვას დაკარგვის ან გაუჩინარების შესახებ ოჯახის წევრებს შსს-სთვის განცხადებით არ მოუმართავთ, თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს ამ საქმის შესწავლა დაიწყო, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადეს.
პირველი არხი გიორგი როყვას მამიდასაც დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ როყვას გაუჩინარების ან ადგილსამყოფელის შესახებ მისთვის არაფერია ცნობილი.
„არაფერი ვიცი, პოლიციისთვის არ მიმიმართავს. მის ოჯახს მიმართეთ, იმას, ვისაც ეს ეხება. გაურკვევლობაში ვარ, არ დამირეკოთ და არ შემაწუხოთ“, – აცხადებს გიორგი როყვას მამიდა, ნონა როყვა.
გიორგი როყვას მამის განცხადებით კი, შვილის სახლში დაბრუნებას დღეს საღამოს ელოდება.
მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის წევრებმა მათი მხარდამჭერის, გიორგი როყვას გაუჩინარების საკითხზე სამართალდამცველებს რეაგირებისკენ მოუწოდეს. შარაშენიძის შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი სირაძემ განაცხადა, რომ როყვაზე ზეწოლა უშუალოდ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ბეგლარ სიორიძემ განახორციელა. სიორიძის შტაბში აღნიშნულ ბრალდებას აბსურდული უწოდეს.