შსს - ორი პირი კაფეში მოწევის შეწყვეტაზე პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა, რის გამოც დააკავეს
ქუთაისში, ერთ-ერთ კაფეში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, ერთი სტუმარი დააჯარიმეს, ხოლო ორი, რომელთაც პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს, დააკავეს. ინციდენტი 3 მაისს მოხდა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საპატრულო პოლიცია კაფის ადმინისტრაციამ გამოიძახა.
„ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დახვდათ სამი მოქალაქე, რომლებიც არღვევდნენ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონს. მათ პოლიციამ მოუწოდა, რომ შეეწყვიტათ თამბაქოს მოწევა. ერთი მოქალაქე სამართალდამცველების ამ მოთხოვნას დაემორჩილა და დაჯარიმდა. დანარჩენი ორი არათუ არ დაემორჩილა, არამედ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას, რის გამოც ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით დააკავეს“, – განაცხადეს შსს-ში.
166-ე მუხლი სანქციად ითვალისწინებს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
173-ე მუხლი სანქციად ითვალისწინებს დაჯარიმებას 250 ლარიდან 2000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
გარდა ამისა, როგორც შსს-ში განმარტეს, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის შესაბამისად, დაჯარიმდა კაფე-ბარი, ვინაიდან მათ არ ჰქონდათ გამოკრული მოწევის ამკრძალავი ბანერები.
საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვები და წესის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები 1-ელი მაისიდან ამოქმედდა.
კანონმდებლობით, თამბაქოს მოწევა აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სტადიონზე.
თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევისთვის ფულადი ჯარიმებიც დაწესდა.