შსს - მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია ორი პირი, ერთ-ერთი დაკავებულისგან ამოღებულია ცივი იარაღი
აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმაში, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია ორი პირი, ერთ-ერთი დაკავებულისგან ამოღებულია ცივი იარაღი, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებული არიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.
აქციის მიმდინარეობისას პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები. აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმაში, რის შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია ორი პირი.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ცივი იარაღი ამოიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.
თითოეულ არაკანონიერ ქმედებას დაუყოვნებლივ მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება“, – აღნიშნულია განცხადებაში.