შსს - მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრები ბაგებში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსებში გეგმურ საქმიანობას აწარმოებდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მართლწესრიგის ოფიცრები, მინიჭებული მანდატის ფარგლებში, საკუთარი უფლება-მოვალეობების განხორციელების მიზნით, 14, 15, 16 მარტს ბაგებში მდებარე სტუდქალაქის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში იმყოფებოდნენ და გეგმურ საქმიანობას აწარმოებდნენ.
შსს მოუწოდებს ყველა პირს, ახალგაზრდულ მოძრაობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ პოლიტიკურ პარტიებს, სხვადასხვა ინტერესის გამო თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს.
უწყების სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია მართლწესრიგის ოფიცრის როლი, რომლის კომპეტენციაში არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებასთან ერთად შედის ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; მართლწესრიგის ოფიცრები, მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მუდმივ კომუნიკაციაში არიან თავიანთ სამოქმედო არეალში მცხოვრებ მოქალაქეებთან და ახორციელებენ ინფორმაციის შეგროვებას, სისტემატიზაციას და პირველად დამუშავებას. სწორედ აღნიშნული უფლება-მოვალეობების განხორციელების მიზნით, მიმდინარე წლის 14, 15, 16 მარტს მართლწესრიგის ოფიცრები ბაგებში მდებარე სტუდქალაქის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში იმყოფებოდნენ და გეგმურ საქმიანობას აწარმოებდნენ.
სტუდენტური ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს ხუთი საცხოვრებელი კორპუსი, სადაც სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და რეგიონის წარმომადგენლები ცხოვრობენ. საერთო ჯამში, ტერიტორიაზე დაახლოებით 1 500 ადამიანია დასახლებული, რომელთა შორის მხოლოდ 20%-ია სტუდენტი. გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ვიზიტის განხორციელებისას, მართლწესრიგის ოფიცრებთან კომუნიკაციის დროს ადგილობრივ მოსახლეობას რაიმე სახის პროტესტი არ გამოუხატავს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოუწოდებს ყველა პირს, ახალგაზრდულ მოძრაობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ პოლიტიკურ პარტიებს, სხვადასხვა ინტერესის გამო თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.