შსს - მიმდინარე დღეებში დაგეგმილ აქციებზე პოლიცია დაიცავს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, თუ ის არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს
მიმდინარე დღეებში დაგეგმილ სხვადასხვა აქციაზე პოლიცია დაიცავს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, თუ ის არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყება მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, დაიცვა კანონის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 14 ივნისს, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან აქციის მიმდინარეობისას პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა კონტრაქციის 28 მონაწილე. ზემოაღნიშნულის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება, აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით. ასევე, დაწყებულია გამოძიება სახალხო დამცველის მიმართ ინტერნეტსივრცეში მუქარის შემცველი შეტყობინებების გავრცელების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით. გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
რაც შეეხება მიმდინარე დღეებში დაგეგმილ სხვადასხვა აქციას, პოლიცია დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს შეკრების მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში“, – აცხადებენ შსს-ში.