შსს - მეხანძრე-მაშველებმა მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში უვნებლად გადაიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადაიყვანეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი დარჩენილი სამი პიროვნება ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს.
შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველები ჩაერთნენ“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედრის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.