შსს - მანდატურების ინსტიტუტი დასახვეწია
შსს - მანდატურების ინსტიტუტი დასახვეწია

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ მანდატურების ინსტიტუტი დასახვეწია, რათა მან უზრუნველყოს არა მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა, არამედ იმ კონფლიქტების პრევენცია, რომლებიც საგანმანათლებლო სივრცეში იწყება და პოტენციურად, შესაძლოა, ამ სივრცის გარეთ გაგრძელდეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც უწყება თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტს ეხმიანება.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობის თითოეულ ფაქტზე უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს. ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოება, განსაკუთრებით არასრულწლოვნები, იყოს დაცული. უკანასკნელ წლებში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არაერთი რეფორმა გატარდა. მიუხედავად ამისა, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია სამართალდამცავი ორგანოებისთვის კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია თავად საგანმანათლებლო სისტემის როლი არასრულწლოვნების აღზრდაში და მათი ცნობიერების ჩამოყალიბებაში. გასაძლიერებელია საზოგადოების, მათ შორის, პედაგოგების, ფსიქოლოგების და მშობლების ერთობლივი ძალისხმევა ამ მიმართულებით. დასახვეწია მანდატურების ინსტიტუტიც, რათა მან უზრუნველყოს არა მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა, არამედ იმ კონფლიქტების პრევენცია, რომლებიც საგანმანათლებლო სივრცეში იწყება და პოტენციურად, შესაძლოა, ამ სივრცის გარეთ გაგრძელდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციას და ამ მიზნით სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ამავე დროს, არასრულწლოვნებში მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს და ყველა დამნაშავე კანონმდებლობის შესაბამისად დაისჯება“, – აცხადებენ შსს-ში.

შსს-ს ცნობით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, პირველ დეკემბერს არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს. და 2001 წელს დაბადებული ლ.დ. დაჭრილი მოზარდებიდან ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ასევე, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.