შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას ცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
„პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული გ. დ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.
შსს-ში პირველ არხს განუცხადეს, რომ კუპრავას კონფლიქტი მეზობელთან ჰქონდა.
„მიმდინარე წლის 10 იანვარს, გამთენიისას, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოიძახა.
პირველადი ინფორმაციით, კუპრავას მეზობელთან კონფლიქტი ჰქონდა და პოლიციის დახმარებას ითხოვდა.
ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კუპრავამ აცნობა, რომ მეზობელმა – გ.დ.-მ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე თქმით, აღნიშნულმა პირმა ავტომანქანა დაუზიანა. საპატრულო პოლიციის და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებს ზვიად კუპრავამ თავდაპირველად დახმარებაზე უარი განუცხადა. მან, ასევე, გამოიძახა სასწრაფო დახმარება.
თავიდან პირველად დახმარებაზეც უარი თქვა, თუმცა შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გაჰყვა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) და 187-ე მუხლით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება)“, – აცხადებენ შსს-ში.