შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, კრიმინალური ავტორიტეტი და „ქურდული სამყაროს“ აქტიური წევრი, წარსულში ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ჩ. ქ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ზესტაფონში დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩ.ქ. ზესტაფონში ერთ-ერთ მეწარმეს თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, „ქურდული გარჩევის“ გზით, ე.წ. კანონიერი ქურდების სასარგებლოდ, ბიზნესსაქმიანობიდან გარკვეული წილის დათმობას აიძულებდა.
პოლიციამ, დაკავებული ჩ.ქ.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას, „ტტ“-ს მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.
გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.