შსს-მ ყაჩაღობის ორი ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შსს-მ ყაჩაღობის ორი  ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ თვეში ყაჩაღობის ორი  ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, – ამის შესახებ უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული პირი თბილისში, ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებული წარსულში ქურდობის, ძარცვისა და ყაჩაღობისთვის არის ნასამართლევი.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ქუთაისში, საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალში შეიჭრა, გადაჭრილი თოფიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა აღნიშნულ ფილიალში მყოფ მოქალაქეს, შემდეგ სალაროდან 1800 ევრო, 1802 ლარი, 5569 დოლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, გატაცებული თანხის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ყაჩაღობის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

გაცნობებთ კიდევ ერთი გახსნილი ყაჩაღობის ფაქტის შესახებ, რომელიც ხაშურში მოხდა. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდისწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, 1987 წელს დაბადებულ მ.გ.-სა და 2001 წელს დაბადებულ ზ.ფ.-ს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, ელექტროშოკისა და ცივი იარაღის მუქარით ხელ-ფეხი შეუკრეს, 1830 ლარი და მობილური ტელეფონები წაართვეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.  დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ”,- აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.