შინაგან საქმეთა სამინისტრომ წალკის დროებითი მოთავსების იზოლატორი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განაახლა. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყება დროებითი მოთავსების იზოლატორების რეაბილიტაციას დაკავებულთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად ახორციელებს.
წალკაში, დროებითი მოთავსების განახლებული იზოლატორი დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, სახალხო დამცველის პირველ მოადგილე თამარ გვარამაძესთან და სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორ გიორგი მოსაშვილთან ერთად დაათვალიერა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რეაბილიტირებული იზოლატორი სრულად შეესაბამება დროებითი მოთავსების იზოლატორების შესახებ ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის სტანდარტებს. შენობის და ინფრასტრუქტურის განახლების პროცესში გათვალისწინებულ იქნა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები.
წალკის იზოლატორი მთლიანად გარემონტდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა, მოწესრიგდა ცენტრალური გათბობისა და ვენტილაციის სისტემა. ასევე, მოეწყო სამედიცინო კაბინეტი, სადაც იზოლატორში მოთავსებულ პირებს სამედიცინო მომსახურება გაეწევათ. შენობის პერიმეტრი სამეთვალყურეო კამერების საშუალებით სრულად კონტროლდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, 2018 წლის ბოლომდე, დროებითი მოთავსების კიდევ ექვსი იზოლატორის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლებას გეგმავს.