შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ა.ი. პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მათივე ინფორმაციით, 2020 წლის 5 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, 1975 წელს დაბადებულმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა.ი.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა.
„პოლიციელებმა მიღებულ შეტყობინებაზე ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე.
ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დახვდათ საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი მოქალაქე ა.ი., რომელიც ამავე სახლის ფანჯრიდან, მეზობლების თანდასწრებით, მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას ახდენდა და უმისამართოდ ისროდა, რითაც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს.
მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, იგი კვლავ აგრძელებდა მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას.
რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ა.ი. დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას და საცხოვრებელი სახლი დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა იგი ადგილზე დააკავეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.