შსს-მ ტყიბულის შახტებში ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით შვიდი პირი დააკავა
შსს-მ ტყიბულის შახტებში ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით შვიდი პირი დააკავა

საქართველოშ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 5 აპრილს მინდელის სახელობის შახტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ექვსი პირი.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, დაკავებულები არიან: მინდელის სახელობის შახტის დირექტორი – ა. ა., ამავე შახტის მთავარი ინჟინერი – გ.კ., შახტის მენეჯერი – მ.კ., N1 ნახშირმოპოვებითი უბნის უფროსი მ.ა., ამავე უბნის უფროსის მოადგილე – ტ.ა. და უფროსის თანაშემწე გ.ქ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირების მიერ დარღვეულ იქნა „ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები, რომლის თანახმად, აკრძალულია იმ შახტებში მუშაობა, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების წესები. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული პირებისთვის ცნობილი იყო მინდელის სახელობის შახტაში უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ, კერძოდ, მათთვის ცნობილი იყო, რომ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, შახტაში ჭერი არ იყო გამაგრებული და ხელოვნურად ჩამოშლილი, 2018 წლის თებერვალში დაიწყო სამთო სამუშაოების წარმოება.

5 აპრილს, დაახლოებით, 03:30 საათზე, ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოების წარმოების დროს მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც ჭერი ჩამოინგრა და მიღებული მრავლობითი დაზიანებების გამო გარდაიცვალა შახტის 6 თანამშრომელი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო ორმა მეშახტემ.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2018 წლის

2 ივნისს ტყიბულში, ჯალაღანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ქვანახშირის შახტაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.

სამართალდამცველებმა 1983 წელს დაბადებული ინდ. მეწარმე დ. ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დაკავებულს ბრალი ედება მისივე კუთვნილ ქვანახშირის შახტაში სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 2 ივნისს ტყიბულში, ჯალაღანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ.ს.-ს კუთვნილ ქვანახშირის შახტაში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, უჰაერობის შედეგად 2 მუშა გარდაიცვალა”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე მიმდინარეობს გამოძიება 2018 წლის 16 ივლისს მინდელის სახელობის შახტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით.  მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, ტარდება ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები.