შსს-მ ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფსა და ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელებს შორის დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შსს-მ ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფსა და ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელებს შორის დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში 14:10 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ცუცქირიძის ქუჩაზე ადგილი ჰქონდა მოქალაქეებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას.

შსს-ს ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე  ოპერატიულად გამოცხადდნენ, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები დაუყოვნებლივ დაიწყეს.

პირველადი ინფორმაციით, ტელეკომპანია „ობიექტივის“ ჟურნალისტი, 1994 წელს  დაბადებული ნ.ლ. და ოპერატორი, 1993 წელს დაბადებული დ.მ. დაგეგმილი სიუჟეტისთვის ვიდეომასალას აგროვებდნენ, რისთვისაც ცუცქირიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის გადაღებას ახორციელებდნენ. გადამღებ ჯგუფს იმავე
ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროს მფლობელელთან, 1960 წელს დაბადებულ გ.ე.-სთან და 1996 წელს დაბადებული ე.ე.-სთან სიტყვიერი კონფილქტი მოუხდათ, რაც ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ამ დროისთვის, „ობიექტივის“ თანამშრომლები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების  ჯგუფის მიერ, სხეულის დაზიანებებით, საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტზე გამოძიება ინციდენტში მონაწილე ორივე მხარის, გ.ე.-ს, ე.ე.-სა და დ.მ.-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.