შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ავჭალაში, თემქის დასახლებაში, გლდანულაში, გლდანში, მუხიანში მომხდარი ქურდობის და ძარცვის ფაქტები გახსნეს.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჭ. ე.წ. „მუხიანის დაჩების“ დასახლებაში, მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის გაქურდვის მცდელობის დროს დააკავა.
„ასევე, სამართალდამცველებმა გლდანში, სანზონასა და გლდანულის დასახლებაში მდებარე მაღაზიებიდან ფულის, სეიფის, სამშენებლო აპარატურისა და სიგარეტების ქურდობის 5 ფაქტი გახსნეს – მხილებულია და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 4 პირი: 2003 წელს დაბადებული ლ.მ. 1974 წელს დაბადებული ზ.მ. 1998 წელს დაბადებული ლ.კ. და 1982 წელს დაბადებული გ.ღ.
პოლიციამ ნაქურდალი ნივთები მათი საცხოვრებელი სახლებიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება ქურდობის ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით მიმდინარეობს“,- აცხადებენ შსს-ში.
ამასტან, სამართალდამცველებმა მუხიანსა და თემქის დასახლებაში მომხდარი ძარცვის ორი ფაქტიც გახსნეს.
„პოლიციამ ძარცვაში ბრალდებული ერთ პირი სამტრედიაში იმ დროს დააკავა, როდესაც ის საქართველოდან გამგზავრების მიზნით, სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტისკენ მიემართებოდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა – 1985 წელს დაბადებულმა ლ.კ.-მ მიმდინარე 21 მარტს ერთ-ერთ მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცა და მიიმალა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია გატაცებული მობილური ტელეფონი.
რაც შეეხება ძარცვის მეორე ფაქტს, სამართალდამცველებმა გლდანში უცხო ქვეყნის მოქალაქის ძარცვის და მობილური ტელეფონის გატაცების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცეს არასრულწლოვანი, წარსულში ქურდობის ბრალდებისგან განრიდებული, 2001 წელს დაბადებული ს.ბ. პოლიციამ ნაძარცვი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ძარცვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.