შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული ჯ.ბ. და 1998 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისის სხვადასხვა უბანში სანიაღვრე ჭების თავსახურებს იპარავდნენ. პოლიციამ ორივე პირი ისანი-სამგორის რაიონში, ერთ-ერთი ქურდობის ჩადენის დროს დააკავა.
„სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნაქურდალი თავსახურები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ა“ ქვე პუნქტებით.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.