შსს-მ თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე უამინდობის გამო ავტომობილებისთვის დაწესებული შეზღუდვები მოხსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე უამინდობის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები მოხსნა, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
დედაქალაქში მოსული ძლიერი წვიმის გამო გმირთა მოედნიდან – თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, მდინარე ვერეს ხეობაში და უნივერსიტეტის ქუჩაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, გზებზე შეზღუდვები დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობენ დედაქალაქის ქუჩებში ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის მონიტორინგს.