შსს-მ შვიდ კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღო - ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ოთხი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში სხვადასხვა დროს ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ოთხი პირი დააკავეს და უკანონო ბრუნვიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით – შვიდ კილოგრამამდე „კოკაინი“, ასევე, სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებულები არიან: უცხო ქვეყნის მოქალაქე, 2001 წელს დაბადებული დ.ს., ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული დ.გ., 1998 წელს დაბადებული ლ.კ. და 1962 წელს დაბადებული ზ.ლ.
„დ.ს.-ის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ხუთ კილოგრამზე მეტი „კოკაინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ასევე ამოღებულია მის მიერ სარეალიზაციოდ განთავსებული 30 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“.
რაც შეეხება დ.გ.-ს, მისი პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 223 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“. სამართალდამცველებმა ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს ბრალდებულის მიერ შემდგომი გასაღების მიზნით ერთ-ერთ მისამართზე განთავსებული 40 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრალდებული ლ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას, 30 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ამოიღეს.
სულ სამართალდამცველებმა ამოიღეს შვიდ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“. ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით შვიდ მილიონამდე ლარს შეადგენს.
ამასთანავე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვიანთან დაკავებული ზ.ლ.-ის პირადი ჩხრეკისას ორი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით, 19-260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაულები 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.