შსს-მ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გამართა
შსს-მ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გაერო-ს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობითა და შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გამართა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა, გიგი ბრეგაძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ხელმძღვანელმა, ნინა ხატისკაცმა.

აღნიშნულ კონფერენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შეაჯამეს ის საქმიანობა, რომელიც უწყებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისთვის განხორციელდა. ასევე, შსს-ში შშმ პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა ისაუბრებს საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობასა და მათ ჩართულობაზე სამინისტროს სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში.

ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ახორციელებს სისტემურ პოლიტიკას და მიზნობრივ ღონისძიებებს შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. სამინისტრომ შესაბამისი სამოქმედო გეგმები დაამტკიცა როგორც 2021 წელს, ასევე 2022 წელს.

ამასთან, სამინისტროსთან შექმნილი შშმ პირთა საკონსულტაციო ჯგუფი უზრუნველყოფს სისტემაში შშმ პირთა უფლებების დაცვის პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში მათ არსებით მონაწილეობას.

პროექტი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის ეფექტური აღსრულების ხელშეწყობა“  2022 წლიდან დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელისა (NCCE) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შვედეთისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.