შსს-მ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტში ნარკოტიკების შემოტანის ფაქტები აღკვეთა
შსს-მ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტში ნარკოტიკების შემოტანის ფაქტები აღკვეთა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტში ნარკოტიკების შემოტანის ფაქტები აღკვეთა.

აღნიშნულის შესახებ საუბარია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, უწყება განაგრძობს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის და გავრცელების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას.

„ბოლო დღეების განმავლობაში, სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის სამი ფაქტი აღკვეთეს – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტში დაკავებულია სამი პირი.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ლ.ჯ. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ვალეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, რომელიც 720 გრამ ჰეროინს შეიცავს. ბრალდებულს აღნიშნული ნარკოტიკი საქართველოში უკანონოდ შემოჰქონდა“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობითვე, სამართალდამცველებმა ასევე, 1992 წელს დაბადებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მ. ა. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ადმინისტრაციულ შენობაში დააკავეს. პოლიციამ, მ.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღო.

„გარდა ამისა, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ი.მ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების 101 აბი, დიდი ოდენობით ბუპრენორფინის და კოკაინის შემცველი ნარკოტიკები, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ ი.მ. პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, ერთ-ერთ სამართალდამცველს კი თავს დაესხა.

ზემოხსენებულ ფაქტებზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ასევე, პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე, 261-ე, 262-ე, 263-ე და 353-პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის 199 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, ხოლო პასუხისგებაში მიეცა 77 პირი.