შსს-მ საქართველოში ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა
შსს-მ საქართველოში ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, თბილისში რუსეთის ფედერაციის სამი მოქალაქე დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს აქტიურ ბრძოლას ნარკოდანაშაულთან, მათ შორის ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკების უკანონო გასაღებასთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ინტერნეტის გამოყენებით (ე.წ. დადების მეთოდით) ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, თბილისში რუსეთის ფედერაციის 3 მოქალაქე დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულები წარმოადგენდნენ ორგანიზებულ ნარკორეალიზატორთა ჯგუფს, რომლებიც საქართველოში ნარკოტიკების გასაღების მიზნით ჩამოვიდნენ. ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე, სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და ინტერნეტში მისი გასაღების მიზნით აღნიშნულ ფოტოებს აქვეყნებდნენ.

სამართალდამცველებმა, ორი მათგანის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს. კერძოდ: ორი კილო და 287 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, „ბუპრენორფინის“ შემცველი სითხე, 187 გრამი „მდმა“ და ნარკოტიკული საშუალება „ნორფენტანილი“. დაკავებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული“, – აღნიშნეს უწყებაში.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულთა მითითებით, სხვადასხვა ადგილიდან სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს.

„2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 12 კილოგრამამდე „ჰეროინი“, 980 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 2200 აბი „ექსტაზი“, 5 კილოგრამამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, კილო და 350 გრამი კოკაინი და 250 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. მიმდინარე წელს სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 477 პირი მისცეს“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.