შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 109 ფაქტი გამოავლინა
შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 109 ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 109 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ, 27 აპრილის 21:00 საათიდან 28 აპრილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მოქალაქე დააჯარიმა.

მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის ერთი ახალი ფაქტი გამოვლინდა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრების და ორ მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 45 მოქალაქე დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

„საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს“, – აცხადებს შსს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.