შსს-მ საარჩევნო პროცესში სავარაუდო დანაშაულის ოთხ ფაქტზე დაიწყო გამოძიება
პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის ოთხ ფაქტზე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.
„ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არჩევნები მთელი საქართველოს მასშტაბით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის ოთხ ფაქტზე. მათ შორის გამოძიება დაიწყო თბილისში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ტვ პირველის ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, მცხეთაში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე და ბათუმში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე. ბრალდების ადრესატები არიან როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი პარტიის წარმომადგენლები.
ოთხივე საქმეზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას“, – აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.
მისივე თქმით, რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ყურადღება გამახვილდა ცალკეულ რეგიონებში საპოლიციო ძალებისა და ტექნიკის მობილიზებაზე.
„აღნიშნულის შესახებ ჩვენ გუშინაც გავავრცელეთ განცხადება და ინფორმაცია მივაწოდეთ როგორც საზოგადოებას, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს.
კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებელია ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაზე. ვაგრძელებთ აქტიურ მოქმედებებს – საპოლიციო ძალების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.