საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ორი ძებნილი პირი დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ აღნიშნა, დღეს რუსთაველის გამზირზე დაკავებულ იქნა ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე – ინტერპოლის წითელი ცირკულარით მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი.
„აღნიშნული პირი სამართალდამცველებმა იმ დროს შეაჩერეს, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას უერთდებოდა. პიროვნების იდენტიფიცირებისას მოქალაქემ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ის დააკავეს. შემოწმებისას მას ცივი იარაღი – დანა აღმოაჩნდა”, – განაცხადა ჭელიძემ.
მისივე ინფორმაციით, პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარავში დააკავეს სხვა ძებნილი პირიც.
„რუსთაველის გამზირზე დღეს პოლიციამ სხვა ძებნილიც დააკავა. სამართალდამცველებმა, პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარავში, ქურდობისთვის ძებნილი – 1994 წელს დაბადებული პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც კარავში აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკება მოხდა. აღნიშნული პირი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ მიმდინარე წლის 5 ივნისიდან ქურდობისთვის იძებნებოდა”, – აღნიშნა ჭელიძემ.