შსს-მ ქვემო ქართლში მომხდარი მკვლელობა გახსნა
შსს-მ ქვემო ქართლში მომხდარი მკვლელობა გახსნა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული თ.ვ., განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის თემის სოფელ სეიდგოჯალოს ტყეში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა საკუთარ ბიძაშვილს – 1997 წელს დაბადებულ ნ.ვ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა თ.ვ. ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.