შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლში ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს შულავერის განყოფილებაში გამოცხადდა 1976 წელს დაბადებული ე.ს. და განაცხადა, რომ თანასოფლელთან, 1986 წელს დაბადებულმა მ.გ.-თან მოუვიდა შელაპარაკება და მ.გ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ასევე, შსს-ს ცნობით, ე.ს.-მ სამართალდამცველებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, მიზეზად ყელის ტკივილი დაასახელა, პოლიციის შენობა დატოვა და სამედიცინო დაწესებულებაში წავიდა.
„პოლიციამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა, ე.ს.-მ სამართალდამცველებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ყელი ტკიოდა, პოლიციის შენობა დატოვა და სამედიცინო დაწესებულებაში წავიდა. სამედიცინო დაწესებულებაში მისვლის შემდეგ, ე.ს.-მ, მიუხედავად იმისა, რომ მისი განცხადების საფუძველზე უკვე დაწყებული იყო გამოძიება, 112-ზე დამატებით რამდენიმე შეტყობინება გააკეთა მასზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის შესახებ. სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხეს პირი, რომელსაც ე.ს. ცემაში ადანაშაულებს და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.