შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი ხუთი პირი დააკავეს.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან, 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ვ., და 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.კ.
„ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე კი დაკავებულია 1974 წელს დაბადებული ტ.ფ. ხოლო, „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე დაკავებული არიან 1981 წელს დაბადებული მ.გ. და 1968 წელს დაბადებული ვ.გ.
დანაშაულები ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ვ.გ.-სა და მ.გ.-ს შორის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ფინანსური დავა წარმოიშვა. ბრალდებულებმა დავის მოგვარებისა და გადაჭრის მიზნით „ქურდული სამყაროს“ წევრებს და კრიმინალურ ავტორიტეტებს: ტ.ფ.-ს, გ.კ.-ს და კ.ვ.-ს მიმართეს.
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფმა პირებმა ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად მოწყობილ შეკრებაზე, მოდავე მხარეს მეორეს სასარგებლოდ, ერთი თვის ვადაში 15 000 ლარის გადახდა დააკისრეს, რომელიც მ.გ,-მ დათქმულ ვადაში გადაიხადა.
აღნიშნული თანხის ნახევარი დავის მოგვარებაში მონაწილე კრიმინალურ ავტორიტეტებზე გადანაწილდა.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით.
ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.