შსს-მ ქურდობის ბრალდებით 13 პირი დააკავა და 16 ამხილა
შსს-მ ქურდობის ბრალდებით 13 პირი დააკავა და 16 ამხილა

თბილისში, სამეგრელოში, გურიაში, კახეთსა და შიდა ქართლში ქურდობის ბრალდებით, 13 პირი დააკავეს, 16 კი ამხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს, როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა 1986 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ორჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 მაისს თბილისში, გლდანის მე-3 მიკრორაიონში ორი ბინა გაქურდა და მიიმალა. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ამავე ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1996 წელს დაბადებული ლ.კ. დააკავეს, 1995 წელს დაბადებული, ამჟამად მიმალვაში მყოფი ლ.ბ. კი ამხილეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა დედოფლისწყაროში, ცხრა ძმის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლებში წინასწარი შეთანხმებით, არაერთგზის, უკანონოდ შეაღწიეს, სადაც ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა სახის საოჯახო ნივთებსა და სამკაულებს. ბრალდებულებმა ნაქურდალი ნივთების ერთი ნაწილი გადამალეს, დანარჩენი ნივთები კი მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ლომბარდში ჩააბარეს, ასევე, თბილისში, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ „ვაგზლის მოედნის“ ახლოს მდებარე ე.წ. „ოქროს ბირჟაზე“ და ქალაქ ყვარელში გაყიდეს.

სამართალდამცველებმა რეალიზებული და გადამალული ნაქურდალი ნივთების დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე, აღნიშნული ნივთები კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.